საგანგებო რეჟიმი სამეგრელოში - რეგიონის ნაწილი სრულიად გარე სამყაროს არის მოწყვეტილი
სტიქია სამეგრელოში - სენაკის მთელს მუნიციპალიტეტში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ზოგიერთ ლოკაციაზე მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. უამინდობის გამო ზუგდიდის, ხობის და წალენჯიხის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიწოდება.
უხვმა ნალექმა სენაკში საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვთები დააზიანა, დატბორილია სენაკის ცენტრალური ქუჩები. ანალოგიური მდგომარეობა სამეგრელოს სხვა ქალაქებსა და სოფლებში.
მოსახლეობის თქმით, დატბორილია სახლები და სარდაფები. ისინი ამ დრომდე საკუთარი ძალებით უმკლავდებიან სტიქიას.
"დაიტბორა მთლიანად სარდაფი, სახლში სულ შლამი, ნაგავი ყველაფერი სავსეა. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ყოველ წელს თითქმის ასეთი სიტუაცია გვაქვს. ჩვენთან დახმარება თითქმის არასდროს არ მოსულა", - ამბობს დაზარალებული.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლების თქმით, დატბორილია ქალაქის ქუჩები და ამასთანავე სხვა მიმდებარე სოფლები. ზარალის დამთვლელი ჯგუფები უკვე მუშაობენ.
"დაიტბორა ქალაქის ქუჩები და სოფლების მიმდებარე ტერიტორიები, ეს ყველაფერი ეს ნაშალი მასალა უხვი ნალექის მიერ იყო გამოწვეული, რაც ბუნებრივია არაპროგნოზირებადია. ზარალის დამთვლელი ჯგუფები მინდა სენაკის მოსახლეობას ვუთხრა, რომ შექმნილია და 24 საათიან რეჟიმში უნდა მომართონ მათ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ მოხდეს შეფასება მდგომარეობის",- ამბობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი.