რუსმა მწერალმა ვიკტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა
რუსმა მწერალმა ვიკტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშემოშვების გამო სასამართლოს მიმართა.
შენდეროვიჩის ინტერესების დამცველი, ადვოკატი და უფლებადამცველი მარია არხიპოვა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 ივლისს შეიტანეს.
„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შსს-მ არ შემომიშვა ქვეყანაში, მიზეზების ახსნის გარეშე. თბილისსა და ბათუმში ჩაიშალა ჩემი ორი წარმოდგენა. მე გადავწყვიტე შანსი მივცე ძვირფას საქართველოს სახელმწიფოს, გამოასწოროს ეს შეცდომა და სარჩელი შევიტანე", - დაწერა შენდეროვიჩმა „ფეისბუკის" პირად გვერდზე.
საქართველოში, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შენდეროვიჩის ქვეყანაში არშემოშვება პოლიტიკური განაცხადი და პუტინის რეჟიმთან კეკლუცია.
შენდეროვიჩი, როგორც პუტინის მოწინააღმდეგე არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში უშვებს ქვეყნის ოკუპაციის კანონების დამრღვევებს, ადამიანებს, რომელბიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პოლიტიკური განაცხადი და ერთგვარი კეკლუცი პუტინის რეჟიმთან, რომ ისინი სწორად ემსახურებიან პუტინის დაკვეთებს". - ამბობს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
სარჩელის განხილვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შენდეროვიჩი 1 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის ზონიდან უკან დააბრუნეს, ისრაელის რეისით, საიდანაც ის საქართველოში ჩამოფრინდა. მისთვის საქართველოში არშემოშვების მიზეზები არ განუმარტავთ.