რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა - TDI-ის მწვავე ანგარიში
მილიონ ნახევარი რუსეთის მოქალაქე, უკონტროლო მიგრაცია და სახელმწიფოს დისკრიმინაციული მიდგომა - 2022 წლის შემაჯამებელ ანგარიშს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აქვეყნებს.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ საზღვარს ვერ კვეთენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც კრემლის პოლიტიკას ებრძვიან. სახელმწიფო, არგუმენტების გარეშე, უარს ეუბნება ადამიანებს საქართველოში შემოსვლაზე. ეს მაშინ, როცა მიგრაცია სხვა შემთხვევებში სრულიად უკონტროლოა. მძიმეა მდგომარეობა უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაშიც.
TDI საქართველოს ხელისუფლების შერჩევითი პოლიტიკაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ერთგვარი თანამშრომლობა არსებობდეს.
"არაერთი ინფორმაცია საჯარო წყაროებშიც მოიპოვება, როდესაც ხელისუფლებას ჰქონდა შერჩევითი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის, კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, იქნება ეს მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები თუ სხვა პირების მიმართ. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინელების მიმართ შერჩევით პოლიტიკაზე. ვივარაუდოთ, რომ ერთგვარი თანამშრომლობა შეიძლება არსებობდეს საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის, ვინც შეიძლება უქმნიდეს და ვის არ უქმნიდეს ჩვენი ხელისუფლება უსაფრთხო გარემოს საქართველოში". - ამბობს TDI-ის წარმომადგენელი.