ვინ არის პოლიციელი, რომელმაც მოქალაქეებს ესროლა? - ახალი დეტალები კასპში მომხდარ დაპირისპირებაზე
"პირველებისთვის" კასპში, პოლიციელსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი - იდენტიფიცირებულია კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ადვოკატის მტკიცებით, მოქალაქეებს სამსახურებრივი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ დააკავა, საბოლოოდ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა და იქ სასტიკად ცემა.
ძალადობაში დადანაშაულებული სამართალდამცველი ლაშა ტუხაშვილია. უფლებადამცველის მტკიცებით, თბილისის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარ მამასთან ერთად მონაწილეობდა.
სროლა და ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ავტოავარია გახდა. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ლაშა ტუხაშვილის მამამ მეტეხის მკვიდრ ერთ-ერთ ახალგაზრდას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ფიზიკური ანგარიშსწორება გამოიწვია.
პოლიციელის მამამ უშვერი სიტყვებით შეურაცხყო ერთ-ერთი ბრალდებული, რამაც გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება, ამ დროს ადგილას მივიდა პოლიციელი, რომელმაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაუმიზნა ერთ-ერთ ბრალდებულს და სწორედ ამ დროს შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა მას ხელები დაუჭირეს და მოხდა ორი გასროლა ზედიზედ"- ამბობს ადვოკატი.
ნოდარ ცინცაძე "პირველებს" უყვება, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ახალგაზრდები ლაშა ტუხაშვილმა მამასთან ერთად სასტიკად სცემა.
დაზარალებულ პოლიციელს და მის მამას ჰქონდათ საშუალება შეხვედროდნენ პოლიციის შენობაში ამ პიროვნებებს, ყველასთან ცალ-ცალკე არაერთდროულად და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფას მიაყენეს. ეს არის მისი სამსახურებრივი იარაღი რამდენადაც ახლა არის ცნობილი, თუმცაღა რატომ უნდა ჰქონოდა კვირა დღეს არასამუშაო საათებში" - დასძინა ნოდარ ცინცაძემ.
ახალგაზრდები კი ვისაც ტუხაშვილმა ათობით თვითმხილველის თვალწინ ესროლა, სასამართლოში გადაიყვანეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიშა მაისურაძეს, ბექა ღუდუაშვილსა და ჯაბა ცეცხლაძეს 13 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ცნობილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხში პოლიციელსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც, შოთაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ 16 ივლისს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა - მათი თქმით, ინციდენტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი შეესწრო, რომელიც ასევე ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად ამ გზაზე გადაადგილდებოდა.