პროტესტი დიღომში - მოსახლეობა რუსეთის მოქალაქის მიერ მშენებლობას აპროტესტებს, ოპოზიცია კალაძის უპასუხისმგებლობაზე საუბრობს
დიღომში, ევგენი მიქელაძის 11 ნომერში მოქალაქეები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, მშენებლობა საფრთხის შემცველია, რადგან ზიანდება წყლის მილები, დგება მტვერი და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.
მეტიც, ევგენი მიქელაძის 11 მცხოვრებლების თქმით, ტერიტორიის სეისმური მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილი 23 სართულიან შენობას ვერ გაუძლებს.
გარშემო შენდება კოშმარული 23 სართულიანი სახლები, ჯერ საკითხავია ამ სეისმურ ზონაში ეს როგორ?! ჩვენ ხომ სიცოცხლე და ცხოვრება გვინდა?! გაუსაძლისია ადამიანებო, ხედი აღარ გვაქვს, ჰაერი აღარ გვაქვს ფანჯრების წინ, საერთოდ კანონია გადასახედი. მოგვეცით საშუალება ვიცხოვროთ წყნარად" - ამბობს ადგილობრივი.
საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის" თქმით, აღნიშნულმა მშენებლობამ დააზარალა მომიჯნავე კორპუსის მოსახლეობა, რადგან უკვე დატბორილია მეზობელი კორპუსის სარდაფი, ამავდროულად წყლის მიწოდება შეწყვეტილია მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნინო წულაძე ამბობს, რომ ტერიტორია რუსეთის მოქალაქეზეა გაფორმებული, კალაძეს მისი განაწყენება არ სურს რის გამოც კორპუსის მშენებლობა ნებადართულია.
"წყალმა ამოხეთქა, რომელიც ტბორავს ახლა მომიჯნავე კორპუსის სარდაფს. იქ უკან მოქალაქეებს წყალი არ აქვთ წარმოიდგინეთ. აქ არის მოსული მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც პასუხს ვერაფერზე ვერ იძლევა, ვხედავთ კალაძის და მისი გუნდის ცალსახა უპასუხისმგებლობას, რომელსაც არ აწყობს რუსეთის მოქალაქის, რომლის საკუთრებაც არის ეს ტერიტორია გაღიზიანება და აქ უნდა აშენდეს კორპუსი და დაზარალდეს მომიჯნავე კორპუსის მაცხოვრებლები, ეს არის დაუშვებელი" - ამბობს საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის", ნინო წულაძე.