ჯგუფურად გამოძალვის ფაქტი - დაკავებულები არიან "კრიმინალური ავტორიტეტები"
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან "კრიმინალური ავტორიტეტები": 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა "კანონიერი ქურდის" ოჯახის წევრები - 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“).
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ.
ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის, მ.ა.-ს დავალებით, ბ.დ. და კ.კ. აღნიშნულ პიროვნებას შეხვდნენ, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად სამივე პირი იმერეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.