დატბორილი სახლები და ატალახებული ქუჩები - მუხიანის სააგარაკე დასახლებიდან მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
დატბორილი სახლები და ატალახებული ქუჩები - მუხიანის სააგარაკე დასახლებიდან დახმარებას ითხოვენ. თბილისში, ორი დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუხიანის აგარაკებზე 10-მდე ოჯახი დააზარალა.
ხალხი ამბობს, რომ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არასწორად არის დამონტაჟებული, რის გამოც ყოველი წვიმის მოსვლა მათთვის საფრთხის შემცველია. დღეს მოსახლეობასთან გამგეობის წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა დახმარების ნაცვლად, რჩევები გასცეს.
მოსახლეობის თქმით, სისტემა უვარგისად არის გაკეთებული და არ ფუნქციონირებს. მათი თქმით, კალაძე, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია სიმართლეს არ შეესაბამება, სწორედ ამიტომ, ხალხი კალაძის ადგილზე მისვლას ითხოვს, რათა თვითონ ნახოს რა როგორ მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ გამგეობის თანამშრომლებმა მათ დახმარების მაგივრად რჩევა კერძოდ კი ცოცხის ხელში დაკავება და დაგავა ურჩიეს.
არანაირად წყალი არ გადის, ეს არის უვარგისი გაკეთებული ყველანაირად და არ ფუნქციონირებს, ან არის გაბიდნული ან საერთოდ ისეა გაკეთებული, რომ წყალი საერთოდ არ შედის, ამდაგვარი არის მეორე დაბლა კიდევ. დღეს მოვიდნენ უნდა გადავრეცხოთო, ერთი გაიარეს გამოიარეს და გაქრნენ, აგვიტალახეს უარესად, უარესი გააკეთეს კიდევ და კიდევ. ჩვენი ბატონი კახი კალაძე იძახის, რომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი მოწესრიგებულია და მობრძანდეს მუხიანში, კერძოდ აგარაკებზე და დაინახოს აქ რა სიტუაციას არის. გამგეობის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ დაიკავე ცოცხი ხელში და თქვენ თვითონ დაგავეთო, ზუსტად ამ სიტყვებით მითხრეს დღეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, სახლები და მაღაზიები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები.