ციხის ნაცვლად ქუჩაში ან სახლში - რას გულისხმობს ელექტრონული კონტროლის მექანიზმი?
საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსი ლიბერალური ხდება? - ქვეყანაში შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების ახალი სახე შემოდეს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა ეხსნება. ანუ ციხის ნაცვლად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული სახლში ყოფნასაც შეძლებს და ქუჩაში სიარულსაც. სახელმწიფო უწყებები კი ელექტრონულად გააკონტროლებენ, რამდენად იცავს მოქალაქე წესებს.
კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორი "პირველების" ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურაა. ამ იდეას მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიცია და პარლამენტი.
ირკვევა, რომ შოთაძის უწყებასთან უფლებადამცველებმა იშუამდგომლეს და ბუნებრივია, მათ ცვლილებათა პაკეტი მოსწონთ.
როგორც "პირველებს" იურისტმა ლევან მახარაშვილმა განუმარტა, პირის გადაადგილების არეალი შეზღუდული იქნება და ის ელექტრონულად გაკონტროლდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ზოგადად, მივესალმებით ნებისმიერი არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების სახის შემოღებას. ცხადია, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის დადებითი, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება უკავშირდება იმგვარი აღკვეთის ღონისძიების დამატებას, როდესაც პირი შეძლებს თავისუფლად გადაადგილებას, ოღონდ გადაადგილების არეალი იქნება შეზღუდული და ელექტრონულად გაკონტროლდება"- აცხადებს იურისტი ლევან მახარაშვილი.
მეორეს მხრივ, უფლებადამცველების ნაწილი შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, საკანონმდებლო წინადადებაზე კომპლექსური მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ირკვევა, საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევის შემთხვევაში ის ოჯახური ძალადობის, ყაჩაღობის, ქურდობის და სხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით დაკავებულებზეც გავრცელდება.
ამასთან, უფლებადამცველების აზრით ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში საჭირო გახდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება.