კაცმა შვილები სცემა და ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა - მოძალადე პატიმრობაში გაუშვეს
ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას "უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, რაიონულმა სასამართლომ დაასრულა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმის განხილვა, რომელშიც დაზარალებულები მრავალწლიანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები არიან.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო ბავშვების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მეუღლის მიმართ ჩადენილ სასტიკ მოპყრობაში, რამაც ქალი თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა. დამნაშავეს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გამოძიების ეტაპზე, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი სამართლებრივი მიმართვის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ თანმდევი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას, ბრალდებულის ადვოკატის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულების დისკრედიტაციის, შეურაცხყოფისა და დამცირების არაერთ მცდელობას.
ცნობილია, რომ ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.