35 წლის კაცს ჩასაფრება მოუწყვეს და სანადირო თოფიდან ესროლეს - რა მოხდა გურჯაანში
მიწის ნაკვეთის გამო ნათესავებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, 35 წლის კაცს მეზობელმა ჯერ ჩასაფრება მოუწყო, შემდეგ კი სოფლის ფარდულში სანადირო თოფით მოკლა. სასტიკი დანაშაული გურჯაანში მოხდა. ახალგაზრდა კაცი შველას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ექიმის მისვლამდე ბექა ჯანიაშვილი მამას ხელებში ჩააკვდა. დაკავებულია 85 წლის მოხუცი, რომელსაც ბრალი უკვე წარუდგინეს.
ირკვევა, რომ მის დასაკავებლად მისულ პოლიციას სავარაუდო დამნაშავე იარაღით ემუქრებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მოხუცის განეიტრალება შეძლეს. მძიმე ფაქტის შემდეგ კაცის ოჯახი სოფლიდან გაიხიზნა.
ბრალდებული და მოკლული ნათელ-მირონები იყვნენ. ნათესავებს შორის კი დავა მიწის ნაკვეთის გამო წლების განმავლობაში გრძელდებოდა. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.