ყინწვისის მონასტერში უნიკალური ფრესკები ნადგურდება - ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხეშია
პირველი კადრები ყინწვისის მონასტრიდან, სადაც უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხეშია. მონასტერში წყალი ჩადის და ფრესკებს ასველებს.
ყველაზე მძიმე ვითარება წმ. ნიკოლოზის ტაძარშია, სადაც ფრესკები ახლაც სველია. ადგილზე ჩასულ "პირველების" ჯგუფს ეკლესიის წინამძღოლმა კითხვებზე არ უპასუხა და კამერების გამოჩენამ მისი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა "პირველებმა" გაარკვია, რომ ეს ამბავი თეა წულუკიანის უწყებამ იცის და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ადგილზე სპეციალისტებიც კი გაუშვა, ფრესკებიც დაასურათეს, თუმცა ძეგლის გადასარჩენად ჯერ არაფერი გაკეთებულა. ტაძარში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
"პირველებს" კულტურის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია და გაურკვეველია, რას აპირებს წულუკიანის უწყება ყინწვისში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით.
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი წულუკიანს დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, აღნიშნული ტაძარი აგურით არის ნაშენი და საფრთხეა მთელი ნაგებობა წყლით გაიჟღინთოს.
მოგეხსენებათ ეს ტაძარი არის აგურის და ყველა წვეთი ფაქტობრივად გაიჟღინთება თვითონ ნაგებობაშიც, შესაბამისად მისი უნიკალური ფრესკები შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაუშვას კულტურის სამინისტრომ მონიტორინგის ჯგუფი, უნდა გააკეთონ ისეთი მობილური ხარაჩო იმის გამო, რომ ზუსტად გაიზომოს ადგილები რომელი სველდება და დადგინდეს საიდან იჟონება წყალი და სასწრაფოდ, სანამ დადგება ზამთარი და შემოდგომის წვიმები დაიწყება მანამდე არის გასაკეთებელი, ამიტომ ეს არის გადაუდებელი ამოცანა", - ამბობს პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ "კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს" დირექტორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.