ბოლო 3 დღეში ხილულ გამონაბოლქვზე 82 ავტომობილი დაჯარიმდა
ცნობილი ხდება, რომ ბოლო 3 დღეში ხილულ გამონაბოლქვზე 82 ავტომობილი დაჯარიმდა, აქედან, 42 ავტომობილი თბილისში, 17 ავტომობილი ქუთაისში, 17 - ბათუმში, ხოლო 6 ავტომობილი - რუსთავში - სტატისტიკა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ გაასაჯაროვა.
ირკვევა, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხი ქალაქის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება 4 სექტემბრიდან დაიწყო. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 10 ეკიპაჟი ქუჩებში უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება.
როგორც „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ამბობს, აუცილებელია ავტომობილებისა და ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა.
ამჯერად, 4 ქალაქში 10 მანქანა გადაადგილდება, აქედან 5 თბილისში, ხოლო დანარჩენი მანქანები ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავშია განაწილებული. იქითა წლიდან მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, 10 - არ არის საკმარისი. ამასთან, აუცილებელია არეალის გაზრდაც. საქართველო მასშტაბით 100 ან მეტი ავტომობილია საჭირო, რათა დავყოთ მოვიცვათ ყველა რეგიონი. კანონი უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საქართველოში გადაადგილდება", - ამბობს "ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე.