"ყველა წყალდიდობაზე ზარალს ვნახულობ, მთავრობისგან ნული ყურადღება" - გურია სტიქიას ებრძვის
დატბორილი სახლები, მოგლეჯილი ხეები და ტალახში ჩაფლული გზები - ასეთი სურათია დღეს დილიდან ოზურგეთის რამდენიმე სოფელში. ძლიერი წვიმის და უამინდობის გამო, ათამდე სახლი დაიშალა. წყლები შევარდა ეზოებში.
საკარმიდამო ნაკვეთებში მოსავალი განადგურებულია. მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. გურულები დახმარებას ითხოვენ.
ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ამბობს, რომ მთავრობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ ყოველ ჯერზე "ნული" ყურადღება მიიღო.
"ყველა წყალდიდობაზე ზარალს ვნახულობ ჩემი სახსრებიდან, ჩემი ჯიბიდან, ტრაქტორი მომყავს 700-800 ლარს ვიხდი, ჩემი საშველი არ არის. არაერთხელ მივმართე მთავრობას, ნული ყურადღება. რამდენი პარტია შეიცვალა, რამდენი მთავრობა შეიცვალა ყოველთვის ნული ყურადღება. არ ვიცი ახლა დამეხმარება კი მე?", - ამბობს დაზარალებული ადგილობრივი.
ადგილობრივების თქმით, გუშინ ღამით გაწვიმდა, მთელი სოფელი და ყველაფერი დატბორილია.
"გუშინ მერე ასეთი ამბავია, წუხელ გაწვიმდა და გუშინ ისეთი ამბავი იყო. ყველგან ასეა, მთელი სოფელი ასეა. გზები არ ვიცი არ გავსულვარ, მაგრამ ყველაფერი დატბორილია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ბოლო ცნობებით გადარჩენია და უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 11 მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილად მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალაქე.