სკანდალი პოლიციაში - დაუკვეთეს თუ არა ბიზნესმენის მკვლელობა შსს-ს მაღალჩინოსანს

09.09.23 21:57
სკანდალი პოლიციაში - დაუკვეთეს თუ არა ბიზნესმენის მკვლელობა შსს-ს მაღალჩინოსანს

48 წლის ბიზნესმენი, ალეკო ლოთიკაშვილი "შაბათის ეთერს" შოკისმომგვრელ ინფორმაციას აწვდის - მოქალაქე ჰყვება, რომ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ჯერ თავს დაესხა,  შემდეგ კი მოკვლით ემუქრებოდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმა,  რომლის მთავარი ფიგურანტიც მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა, 8 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში მოხდა. იმ დღეს ბიზნესმენი ალეკო ლოთიკაშვილი თბილისიდან სოფელში, საკუთარ მაღაზიაში ჩავიდა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სათვალთვალო კამერების  ჩანაწერების ფრაგმენტით  დასტურდება რომ 18 საათსა და 25 წუთზე ლოთიკაშვილის მაღაზიასთან  სტეფანწმინდის პოლიციის მაღალჩინოსნის, გიორგი გაგნიძის ავტომობილი ჩერდება.

ბიზნესმენის მტკიცებით, გომელაურის უწყების თანამშრომელი თავდაპირველად მას ძალის გამოყენებით ტერიტორიის დატოვებას და საქმის გასარჩევად ისეთ ადგილზე გაყოლას სთხოვდა, სადაც ვიდეო კამერები არ იქნებოდა. პოლიციელის მოთხოვნას  ლოთიკაშვილი არ დათანხმდა, ბიზნესმენის უარს კი  მოქმედი პოლიციელის მხრიდან იარაღის დამიზნება და მკვლელობის მუქარა მოჰყვა.
 
ალეკო ლოთიკაშვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, ამბობს, რომ ნასვამი პოლიციელისთვის ერთადერთი შემაკავებელი მობილური ტელეფონი აღმოჩნდა, რომლითაც ბიზნესმენმა შეიარაღებული  თავდასხმის გადაღება დაიწყო. პოლიციელმა კი ამ მტკიცებულების განადგურება გადაწყვიტა, ლოთიკაშვილს მობილური ტელეფონი წაართვა და შემდეგ ტერიტორია დატოვა.

კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ 112-ში ზარი 8 აგვისტოს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში შევიდა. რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიცია და დუშეთის და ჟინვალის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ერთდროულად  მივიდნენ, თუმცა დაზარალებული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ კრიმინალურმა და საპატრულო პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე თანამშრომელი არ შეიმჩნია, რეაგირება არ მოახდინა.  არადა მოქმედი პოლიციელი ბიზნესმენის მტკიცებით, მთვრალი იყო  და საჭეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა. პოლიციამ ამ ფაქტის იგნორირებაც მოახდინა და გადასამოწმებლად კრიმპოლის თანამშრომელს ალკო-ტესტიც კი არ ჩაუტარა. 

გაუჩინარებული მთავარი მტკიცებულების, იარაღის და მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლის შემდე კი ბიზნესმენის მტკიცებით, მოქმედ პოლიციელს ბრალი ფორმალურად, მუქარის მუხლით წარუდგინეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ბრალეული პოლიციელი დაზარალებულის მეზობელია, ამიტომ ალეკო ლოთიკაშვილი საგამოძიებო უწყებას პოლიციელის დაკავებას და მომხდარის სხვა თანამონაწილეების დადგენასაც სთხოვს.

ბიზნესმენი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის მცდელობა მოქმედ პოლიციელს მისმა ყოფილმა ცოლმა, ლიკა უთოშვილმა დაუკვეთა, მოტივი კი ცოლ-ქმარს შორის წლების წინ დაწყებულ დავას ასახელებს.

მსგავსი სიახლეები