ნარკოტიკები ტაძრის ეზოში - ბრალდებული ციხეში გაუშვეს

13.09.23 15:38
ნარკოტიკები ტაძრის ეზოში - ბრალდებული ციხეში გაუშვეს

თავის მართლება სამართალო პროცესზე - ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 20 წლის ბრალდებული დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მისი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა და არ ყიდდა.

მუსამ ალიევის დარბაზში გაკეთებული განცხადება მოსამართლისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა და ის ციხეში გაუშვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლის კაცს მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევს. 

ადვოკატი სვამს კითხვას - რატომ არ მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უშუალოდ შესაძლო ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემთხვევაში.

ფაქტი ეხება 26 ივლისს, იქიდან გასული არის საკმაო დრო და თუ იყო ჩემი დაცვისქვეშმყოფისთვის საწინააღმდეგო მტკიცებულება, მაშინ მაშინვე რატომ არ მოხდა მისი დაკავება უშუალოდ ამ შესაძლო ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემთხვევაში. ასე უცბად მოხდა ჩემი დაცვისქვეშმყოფის დაკავება სასამართლო განჩინების საფუძველზე და ის მტკიცებულება, რაზეც მეც ვისაუბრე სასამართლო სხდომაზე, რამდენად ავთენტური არის, მონტაჟი ხომ არ არის, ეს არ გამოუკვლევია ბრალდების მხარეს ჯერ ჯერობით", - ამბობს ადვოკატი, იოსებ ნატროშვილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის თქმით, საკონტროლო შესყიდვები რამდენიმე ეტაპად არის განხორციელებული. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარებს და დანიშნულია ექსპერტიზები.

რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ამდენად საქმე გახლავთ მოცულობითი და მასშტაბური, შესაბამისად შესაბამისი მტკიცებულებების შემდგომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე აღნიშნული პირი იქნა დაკავებული. გამოძიება გრძელდება ინტენსიურად, დანიშნული არის ექსპერტიზები, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდგომ პასუხიც იქნება ნათელი", - ამბობს პროკურორი, ტამარ ბეჟუაშვილი.