„მედიაზე ზეწოლის მცდელობა დაუშვებელია“ - ქარტია პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

14.09.23 17:00
„მედიაზე ზეწოლის მცდელობა დაუშვებელია“ - ქარტია პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

„მედიაზე ზეწოლის მცდელობა დაუშვებელია“ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაცია დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიასთან.

ქარტია საკუთარ განცხადებაში "მთის ამბების" ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმასაც ეხმაურება.

"რაც შეეხება OC Media-ს დონორებთან პარლამენტის თავმჯდომარის კომუნიკაციას, ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება, პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას. მედიას სრული უფლება აქვს, უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, არ არის ვალდებული, მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 

"მთის ამბების" რედაქტორი მედიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო, რომელიც საზოგადოებას შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ემუქრება მას საჯარო მოხელე "წყალში გადაგდებით" გელა მთივლიშვილის განცხადებით, აგრესია მათ მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "არაკაცი" უწოდა, ხოლო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, პოსტის წაშლაზე მიუთითა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმები თავისუფალ, მიუკერძოებელ ჟურნალისტებზე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლას იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ზეწოლად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარის წერილობით მიმართვებს თავისუფალი მედიის დონორებისადმი და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები როგორც ცალკეულ ჟურნალისტებზე, ისე მედიასაშუალებებზე, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, არ ჩაერიოს მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და იზრუნოს მედიისთვის თავისუფალი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები