ეს არის ქართველი ხალხის ღალატი, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ - სამაჩაბლოდან დევნილი

15.09.23 17:31
ეს არის ქართველი ხალხის ღალატი, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ -  სამაჩაბლოდან დევნილი

ოსური ჯგუფის ჩასვლა თრუსოს ხეობაში - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები, რომლებიც წინაპართა საფლავებზე გასვლას უკვე 15 წელია ვერ ახერხებენ, საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. საქართველოს მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რადგან ოსებისგან განსხვავებით, მათ მეორე მხარეს დარჩენილ წინაპრების საფლავებზე გასვლის უფლება არ აქვთ. 

ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ეს არის ქართველი ხალხის ღალატი. განსაკუთრებით სამაჩაბლოდან, ცხინვალიდან გამოევნილი ადამიანების მიმართ. ყოველწლიურად ვიხვეწებით, რომ წელიწადში გამოიყოს ერთი დღე და ეს ადამიანები, ვისაც მიცვალებულები ჰყავს დარჩენილი იქით მხარეს, გაუშვან სასაფლაოზე, რომ მათ პატივი მიაგონ თავიანთი მიცვალებულების ხსოვნას, დაანთონ სანთელი და ა.შ., მაგრამ ამაოდ. ამაზე თავი არავინ შეიწუხა. ჩემი მამის საფლავი 15 წელია თვალით არ მინახავს, ფეხი არ დამიდგამს, რომელიც დარჩენილია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყოველ წელს, მიცვალებულის დღეს, აღდგომის მეორე დღეს მივდივარ საოკუპაციო ხაზთან, იმ მწვანე ღობესთან, იქ ვანთებ სანთელს, მიმაქვს ყვავილები, მიმაქვს პასკა, წითელი კვერცხები და მე პირადად ძალიან შეურახცყოფილი ვარ. თუ მათთვის შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება? ეს არის დისკრიმინაცია, რომელსაც ხელს უწყობს ქართველი ადამიანები, ქართელი ჩინოვნიკები და ქართული სამღვდელოება, რომელიც მოკალათებულა საპატრიარქოში, - ამბობს საქართველოს მოქალაქე. 

თრუსოს ხეობაში, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად თვლის, 6 ოსური გვარის 23 წარმომადგენელი ჩავიდა და ორი ღამით დარჩა. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტი 2 თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მზადების პროცესში, ოფიციალური ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათივე ცნობით,  ოსების ჯგუფს დახმარება აღმოუჩინეს ქართველმა მესაზღვრეებმა. გამოყენებული იქნა პირადი კონტაქტებიც.  

მსგავსი სიახლეები