ვინ არის ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
პოლიციელი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია. შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ახლა ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ორმაგი მკვლელობის შემდეგ ქადეიშვილმა ჭრილობები თავადაც მიიყენა.
"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობას უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაცისა და მოკლულის, ვერონიკა ქუმსიაშვილის არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ. საქმის ოქროს მოწმეა ერთი პირი, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
მეზობლები მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს არ იცნობდნენ, რადგან მათივე თქმით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში რამდენიმე თვის გადასული იყო.
„ბავშვები ტიროდნენ, ერთ-ერთი გოგონა ამბობდა, „მამა ამას არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. დაჭრილ მამაკაცს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. სასწრაფომ წაიყვანა"- ამბობს ადგილობრივი.
ცნობისთვის, გვიან ღამით მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.