ალტ-ინფოს ანგარიშები დაბლოკეს - მიზეზი პრორუსული დაჯგუფების მიერ არეულობისთვის ფულის შეგროვებაა

26.09.23 10:58
ალტ-ინფოს ანგარიშები დაბლოკეს - მიზეზი პრორუსული დაჯგუფების მიერ არეულობისთვის ფულის შეგროვებაა

„ქართული ოცნების" მხარდამჭერი "ალტ-ინფოს" ლიდერების ანგარიშები დაბლოკილია. მიზეზი კი პრორუსული დაჯგუფების მიერ ახალი მასობრივი არეულობისთვის თანხის შეგროვება გახდა.

რადიკალებმა  მოძრაობა "ანტიმაიდანი“გუშინ  დააფუძნეს და ხალხს ანგარიშზე ფულს არიცხვინებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ  თუ ქუჩაში მოქალაქეები  მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ, პროტესტის ჩახშობას იარაღით და ძალადობით საკუთარ თავზე აიღებდნენ.

ფული გარდა "ალტ ინფოს"  ლიდერები და წევრები მოქალაქეებს იარაღის  მობილიზებასაც სთხოვდნენ, ამ ფაქტს მათი შიდა  მიმოწერაც ადასტურებს.

მასობრივი არეულობისთვის თანხის შეგროვება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. რადიკალების განგიშრები ქართულმა უმსხვილესმა ბანკებმა უკვე დაბლოკეს.

რადიკალური დაჯგუფების ლიდერი, კოკა მორგოშია "პირველებთან" ამბობს, რომ ბანკების გადაწყვეტილებაში საგანგაშო არაფერია. მისივე მტკიცებით, ემიგრანტები თანხებს ნათესავებს ჩაურიცხავენ, ნათესავები კი "ქეშად" მიუტანენ პრორუსულ მოძრაობას. 

დიდი ხანია, TBC და სხვა ბანკები ანგარიშებს გვიხურავენ, თუმცა ამ დიდ მობილიზებას ვერ შეაჩერებენ. ბრიფინგიდან რამდენიმე საათში, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩაეწერა მოხალისედ რაზმებში. პლუს ძალიან დიდი აქტივობაა ფინანსური კუთხითაც. ხალხი ძალიან აქტიურობს და სოლიდურ შემოწირულობას აკეთებენ. ემიგრანტები ურიცხავენ ნათესავებს, მათ კი "ქეშად" მოქვთ ოფისში ეს ფული. 

ბანკები არიან ულტრა ლიბერალური ფრთის ინსტრუმენტები და აქიდან გამომდინარე, იქცევიან ასე. ახლა TBC ბანკის დამფუძნებლები ვინ არიან, ყველამ ვიცით. გასაკვირი ის არის, ანგარიშები იმ  რამდენიმე საათის განმავლობაში რომ გვქონდა. იმის, რომ ამ ბანკის დამფუძნებლები ახლა TBC-ში არ არიან, ეს მხოლოდ იდიოტს სჯერა, მე კი იდიოტი არ ვარ"- ამბობს მორგოშია. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ შიდა მიმოწერას, რადიკალების ლიდერი ამტკიცებს, რომ მათ იარაღის მობილიზება არ დაუწყიათ, თუმცა იქვე ამბობს, რომ "თუ ქვეყანა დასაცავია, ყველანაირი მეთოდებით დაიცავენ". 

იარაღის მობილიზება დაწყებული არ გვაქვს. ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ იმას, სიტყვაზე თუ ხედავენ რომ "ქართული ლეგიონი" იარაღით გამოვა, ვერავის ვეტყვით, რომ ყვავილებით დავხვდნენ. 

ჩვენ არავის მოუწოდებთ იარაღისკენ, თუმცა ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ მხოლოდ ჩვენ ვიცავთ ქვეყანას. აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია "ქართული ლეგიონის" ვიღაც "ნაიომნიკები". მათ თუ გონიათ, რომ აქ ჩამოვლენ და რაღაცას შეცვლიან, ვერაფერს გახდებიან. 

სიტყვაზე, "ქართულმა ოცნებამ" რაღაც შეცდომები რომ დაუშვას და წაიქცეს, ჩვენ მათ "ქართულ ლეგიონს" ამის საშუალებას არ მივცემთ"- აღნიშნა რადიკალების მეთაურმა. 

 კოკა მორგოშია გავრცელებულ სქრინში, ნახსენებ იარაღის მობილიზებაზე საუბრისას ამტკიცებს, რომ "მათი მხარდამჭერები ჭკვიანი ხალხია და ასეთ რაღაცებს ჩატში არ წერენ". 

რატომ უნდა დამიბარონ საგამოძიებო უწყებაში, ვიღაცა "ფეიკმა" დაწერა რაღაც და მე რა პასუხი უნდა გავცე. ჩვენ არ ვიცნობთ ამ ადამიანს. რაც შეეხება მაიდანს, მას შინაარსი ანტი მაიდნის ჩამოყალიბების შემდეგ დაეკარგა"- დასძინა მან. 

 

 

მსგავსი სიახლეები