მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა - მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსია გამოცხადდა

27.09.23 14:44
მერიამ 18-მეტრიანი ავტობუსები შეიძინა - მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსია გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

კალაძის თქმით, უკვე შეიძინეს 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლის მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. 

უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები", - ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ ანაზღაურება გამომუშავებით იქნება - 2 500 - 3 000 ლარი.

ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით", - თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები