ჯგუფური ანგარიშსწორება ახალგაზრდებზე - ძალადობაში მხილებული პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
"ტვ პირველის" ეთერში გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ, კაციტაძის უწყებამ სავარაუდო მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ახლა მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ჯგუფურ ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს მოუწევთ ახსნა, რატომ სცემდნენ 5 ახალგაზრდას თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში და რატომ აიძულებდნენ იმ დანაშაულზე ჩვენების მიცემას, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ.
ყველა პოლიციელი, ვინც სავარაუდოდ, ახალგაზრდებს სასტიკად სცემდა და რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა, ამოცნობილია. მათ შორის ერთი გენრი ღვინჯილიაა, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელსაც ნაცემი ახალგაზრდები ხელს ადებენ.
დაზარალებულების გამოკითხვა კაციტაძის უწყებაში დაწყებულია, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, როდის დაიბარებენ უწყებაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელებს.
დღეს დაგვიბარეს საგამოძიებოში, ვაპირებთ, თითოეული დაზიანების ავტორი დავახასიათოთ. ასევე მინდა ექსპერტიზის მოთხოვნა ფსიქოლოგიურ დასკვნაზე, იმიტომ, რომ მაშინდელმა ინციდენტმა კვალი გამოგვაყოლა თითოეულ ჩვენგანს". - ამბობს დაზარალებული.
დაზარალებულები ასევე საქმის პროკურორს იძულებაში ამხელენ და ამბობენ, რომ ის ახალგაზრდებს იმ ჩვენების მიცემას აიძულებდა, რომელიც მათ სურდათ.
პროკურორი დაგვიკავშირდა წინა დღეებში და გვითხრა, რომ უნდა მივსულიყავით გამოკითხვაზე სასამართლოში და უნდა გვეთქვა ის ჩვენება, რაც მათ რეალურად სურდათ, რომ გვეთქვა, მაგრამ ჩვენს სასამართლოში სიმართლის თქმას ვაპირებთ". - ამბობს ახალგაზრდა.
დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არიან მოწმეები და არის მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციელის მხრიდან ძალადობას ადასტურებს.
გვყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ძალადობრივ ქმედებას, გვაქვს სამედიცინო ბარათები, რომლებიც ადასტურებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების დაზიანებებს. აგრეთვე იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი მოძალადე პოლიციელი, რომელიც გახლავთ ძველი თბილისის მეშვიდე სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს ორ დაზარალებულთან მიმართებით. ველოდებით საგამოძიებოდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას". - ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდები არაადამიანურ მოპყრობაში თაბუკაშვილის ქუჩის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ადანაშაულებენ. ჰყვებიან, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველები დასაკითხად გადაყვანილი 5 ახალგაზრდიდან 4 ბიჭს უმოწყალოდ სცემდნენ, ერთ გოგონას კი აგინებდნენ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.