არაადამიანური წამება სარდაფში - იქცა თუ არა წესად სიკვდილის ბრიგადების გარიგება პოლიციასთან
სიკვდილის ბრიგადების თარეში თბილისში - ახალგაზრდა კაცი "შაბათის ეთერს" გამაოგნებელ კრიმინალურ ისტორიას უყვება. 27 წლის მიხეილ მეხაშიშვილი ამტკიცებს, რომ გაიტაცეს, ემუქრებოდნენ, შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს და გონების დაკარგვამდე აწამებდნენ.
არის კადრები, არსებობს ჩვენებები, არ არსებობს დაკავებული.
ყველაფერი 29 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ რაც 27 წლის კაცი, კერძო დაცვის კომპანია "ალფა გრინიდან" წამოვიდა და სამსახური სხვაგან, უფრო მაღალ ანაზღაურებად ობიექტზე დაიწყო.
მეხაშვიშვილის თქმით, ფაქტმა კომპანიის დირექტორისა და ცნობილი საბრძოლო კლუბის "ალფა გრინის" დამფუძნებლის გიგი შალამბერიძის გაბრაზება გამოიწვია. მას "დოლივას" დაჯგუფება სამსახურში მიუვარდა და საქმის გარჩევა დაუწყო.
დაზარალებული ამბობს, რომ კამერებმა 6 ვე თავდამსხმელი დააფიქსირა - მეხაშიშვილის თქმით, მასთან საქმის გასარჩევად გიგი შალამბერიძე, თორნიკე ხრისტესტომიდი, გივიკო იოსელიანი, უჩა კვერნაძე და კიდევ, მისთვის უცნობი რამდენიმე პირი იყო.
27 წლის კაცის მტკიცებით, "ალფა გრინის" წევრებმა მისი წამება მანქანაშივე დაიწყეს. მეეხაშიშვილი ამტკიცებს, რომ წამება ამით არ დასრულებულა. ჯერ ოქროყანაში აყვანით და მკვლელობით ემუქრებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ტაბიძეზე, დაცვის კომპანია "ალფა გრინის" ოფისში მიიყვანეს, სადაც ჯგუფურად სასტიკად გაუსწორდნენ.
"ბარემ იქნებ მოვკლათ და დავაგდოთ, ვინ მოძებნის, ვინ იპოვისო" - უყვება "შაბათის ეთერს" სასწაულებრივად სიკვდილს გადარჩენილი.
მიხეილ მეხაშიშვილი შაბათის ეთერს ეუბნება, რომ მას შემდეგ რაც განგსტერულ დაჯგუფებას მისი ცემა მობეზრდა, გააშიშვლეს და აბაზანაში შეიყვანეს, ვიცი შხაპის ქვეშ დააწვინეს, სცემდნენ, აგინებდნენ და აფურთხებდნენ. ამ ყველაფერს კი მობილური ტელეფონით იღებდნენ.
ამის შემდეგ, 27 წლის კაცის მტკიცებით, მისი წამება სარდაფში გაგრძელდა. ის გიგი შალამბერიძის ბრძანებით მიწისქვეშა სართულზე ჩაიყვანეს და ჩაკეტეს.
მას შემდეგ, რაც მიხეილ მეხაშიშვილი მდგომარეობა დამძიმდა, მისი თქმით, დაჯგუფებამ მისი მოშორება გადაწყვიტა. უთხრეს, რომ თუ მომხდარზე ისაუბრებდა, ვიდეოს, რომელიც გადაუღეს გაუვრცელებდნენ, პოლიცია კი მას დაიჭერდა, რადგან ისედაც პირობითი მსჯავრის ქვეშ არის.
ტყვეობიდან მუქარით გამოშვებული ახალგაზრდა იმდენად მძიმე იყო, რომ სახლში მისვლის შემდეგ, ოჯახმა მეხაშიშვილი კლინიკაში გადაიყვანა, გერმანულ ჰოსპიტალში მივიდა კრიმინალური პოლიციაც.
27 წლის კაცის მტკიცებით, მან თავდამსხმელების შესახებ დეტალური ინფორმაცია მუხიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს დეტალურად უამბო, თუმცა გამოკითხვის მიმდინარეობისას პოლიციის უფროსის მოადგილემ მას "რჩევა" მისცა, არ ეთქვა ვინ იყვნენ პირები, რომლებიც თავს დაესხნენ, რადგან "მათ გავლენიანი მფარველები ჰყავდათ".
ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ მისი ტერორი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგაც გაგრძელდა. დაზარალებულის თქმით, მას ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს. მიხეილ მეხაშიშვილი ამტკიცებს, რომ მას კოკი გულიაშვილი სოციალურ ქსელში დაემუქრა.
"არ აპირებ ცხოვრებას?"- ისმის ჩანაწერში.
არის კადრები, არსებობს ჩვენებები, არ არსებობს დაკავებული - პოლიციამ საქმე თაროზე შემოდო, მეტიც ახალგაზრდა კაცს უთხრეს, რომ შეეძლო მტკიცებულებები წაეშალა. ეს ყველაფერი კი აჩენს ეჭვს, რომ მიხეილ მეხაშიშვილზე თავდამსხმელებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ.
მას შემდეგ რაც, დაზარალებული არ გაჩერდა, გიგი შალამბერიძემ მას დახმარება შესთავაზა და ვალების გასასტუმრებლად ფულიც კი ჩაურიცხა.
საბოლოოდ, მიხეილ მეხაშიშვილი ამბობს, რომ იძულებული გახდა, ჩვენება შეეცვალა და ამაში გლდანის პოლიციაც დაეხმარა.
რატომ გააყალბეს საქმე და გააქრეს მტკიცებულებები - მას შემდეგ რაც ეს კითხვები "შაბათის ეთერმა" გლდანის პოლიციაში დასვა, უწყებაში გიგი შალამბერიძე სასწრაფო წესით დაიბარეს.