განზრახ მკვლელობა კახეთში - დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი
განზრახ მკვლელობა ყვარლის რაიონში - დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა 4 ოქტომბერს, ღამის საათებში სუფრაზე მოხდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 04 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობითვე, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.