"ყველგან ჩალურჯებულია და დაზიანებები აქვს" - გლდანის ციხეში პატიმარი სცემეს
გლდანის ციხეში პატიმარი სცემეს. 24 წლის თორნიკე ქათამაძე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, სავარაუდოდ, პატიმრების მხრიდან გახდა. ჩალეწილი სახის ძვლები, დამწვრობა ტანზე, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები - ახალგაზრდა მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია.
ნაცემი პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულის არცერთი ნაწილი არ აქვს დაზიანების გარეშე.
ადვოკატი ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებას გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყებამ 4 დღის შემდეგ გაიგო მომხდარის შესახებ.
რომ შემოუყვანეს ვერ ვიცანი. სახეზე არ ჰქონდა არცერთი ნაწილი, რომელიც დაზიანების გარეშე იყო. ზურგზე თეთრი არაფერი არ გააჩნდა, სულ დალურჯებულია. შემოვიდა დირექტორის მოადგილე, რომელმაც მითხრა, რომ პირები, რომლებმაც მიაყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გადაიყვანეს კარცერში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება ეს და ამას დაწესებულება გებულობს 4 დღის შემდეგ". - ამბობს ადვოკატი დალი სალუქვაძე.
თორნიკე ქათამაძეს ახლა, მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ, კლინიკა "ვივა მედში" შესაბამისი დახმარება უტარდება.
"პირველები" დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.