"არ ვიცი რა დავაშავე" - ოზურგეთში დირექტორის სკოლიდან გაშვებას აპროტესტებენ

06.10.23 17:45
"არ ვიცი რა დავაშავე" - ოზურგეთში დირექტორის სკოლიდან გაშვებას აპროტესტებენ

სკოლებში დაწყებული საკადრო წმენდის წინააღმდეგ იმართება აქცია ამ წუთებში ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლაში. საპროტესტო ბანერებით ხელში მოსწავლეები და მათი მშობლები ქუჩაში დგანან.

ადგილობრივები ტარიელ კალანდაძის სკოლიდან გაშვებას აპროტესტებენ. 35 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგს სკოლიდან უშვებენ ერთი ევროპის მხარდამჭერი პოსტის გამო. "ეს მიუღებელია" - ამბობენ პროტესტის რეჟიმში გადასული მასწავლებლები.

სკოლის დირექტორის თქმით, ადამიანი, რომელმაც კენჭი უნდა იყაროს "ნაც.მოძრაობის" დამცველი იყო, ახლა კი "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ტარიელ კალანდაძის თქმით, ის არც ადრე და არც ახლა არის პოლიტიკურად აქტიური.

ხელისუფლებაში ძალიან ბევრ ადამიანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ადამიანური. მათმა შვილებმა ჩვენი სკოლა დაამთავრეს და არ ვიცი რა დავაშავე. რაც შეეხება ამ ადამიანს, რომელმაც ახლა უნდა იყაროს კენჭი და ერთადერთი კანდიდატურაა იყო "ნაციონალების" ძალიან თავგამოდებული დამცველი, ახლა "ქართული ოცნების" ძალიან პროპაგანდისტია და ახლა ამას ჩემი თავი მირჩევნია, რადგან არც მაშინ ვიყავი აქტიური და არც ახლა ვარ პოლიტიკურად", - ამბობს სკოლის დირექტორი, ტარიელ კალანდაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ საკითხი განათლების მინისტრამდე მივა და არ დადგება უარყოფითი განაჩენი.

საღამოს გავიგეთ ამ ინფორმაციის შესახებ და დღეს რაც გადავწყვიტეთ ეს არის. იმედია, ეს საკითხი მივა განათლების მინისტრამდე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება და განაჩენი არ დადგება ჩვენი სკოლისთვის ის, რაც დღეს არის. ახლა იმდენი ინფორმაცია მოვისმინეთ ვერ გეტყვით, რომ არ არის (პოლიტიკური გადაწყვეტილება)", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სერტიფიცირებულ პედაგოგს თანამდებობიდან პოლიტიკური პოსტის გამო უშვებენ. მიზეზი რუსული კანონის გაპროტესტება და ევროპის მხარდამჭერი გზავნილებია. კალანდაძის ნაცვლად კი დირექტორის პოსტს აბარებენ ადამიანს, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.