"არასოდეს დაუწუწუნია, რომ გათხოვება არ უნდოდა" - 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებულის ოჯახი

07.10.23 13:22
"არასოდეს დაუწუწუნია, რომ გათხოვება არ უნდოდა" - 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებულის ოჯახი

ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი - მკვლელობაში მხილებული 28 წლის მამაკაცის ოჯახი ამბობს, რომ გოგოს არასოდეს დაუწუწუნია, რომ გათხოვება არ უნდოდა.

ოჯახს აინტერესებს, საიდან ჰქონდა, ვინ მიჰყიდა და ვინ გაუფორმა 28 წლის ასიმ ასლანოვს იარაღი, საიდანაც გასროლა განახორციელა.

ერთად ვწამეთ გუშინ პური, მერე ჩემმა შვილიშვილმა უთხრა ბიძაშვილთან ავიდეთო, ქორწილისთვის საჩუქარი უნდა აეტანათ და ავიდნენ. არც უჩხუბიათ, არც არაფერი. იქ ვინც იყო ამბობენ, გოგო ტუალეტისკენ წავიდა, რომ დაუნახავს ეზოში გამოსული, თოფიდან უსვრია. საიდან ჰქონდა ის იარაღი არ ვიცით, ან ვინ მიჰყიდა, ან ვინ გაუფორმა. ჩვენთან გოგოს არასოდეს დაუწუწუნია, რომ გათხოვება არ უნდოდა.  ვიცოდით, რომ მშობლების თანხმობით მოიყვანა ბიჭმა". - აცხადებს ოჯახი. 

იორმუღალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები დაიწყო.  გამომძიებლების კითხვებს 14 წლის გოგოს მკვლელობაში მხილებული კაცის მამა პასუხობს.

ამ დრომდე მთელი კახეთის მასშტაბით, ძებნის სპეცოპერაცია მიდის. არსებობს ვარაუდი, რომ გაქცეული 28 წლის მამაკაცი თავს მისი ოჯახის კუთვნილ ფერმას აფარებდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას თან აქვს დანაშაულის იარაღიც.

გარდაცვლილი გოგო კი მშობლიურ სახლში, დმანისში გადაასვენეს.

როგორც გაირკვა, სოფელ ლამბალოში იძულებით ქორწინებაში მყოფი მოზარდი, ე.წ. ქმარმა საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში წაიყვანა, აგრესიული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ორ თვიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა კიდევ ერთხელ სცადა. ამ დროს კაცმა იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ეზოში ესროლა.

ტრაგედია საგარეჯოში გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით მიმდინარეობს.