"ბილეთის ღირებულება არ გაგვიზრდია" - "Georgian Airways"-ის განცხადება

09.10.23 14:40
"ბილეთის ღირებულება არ გაგვიზრდია" - "Georgian Airways"-ის განცხადება

"ბოლო პერიოდში არცერთ მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება არ გაგვიზრდია" - ავიაკომპანია Georgian Airways სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც უკავშირდება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ბილეთების ფასების გაზრდას.

კომპანიაში განცხადებაში ნათქვამია, რომ სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით. „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტებით, თელ-ავივი - თბილისის მიმართულებით რეისებზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა ზოგიერთ რეისზე დარჩენილია ბიზნესკლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი.

ძვირფასო მგზავრებო, სოცქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ-ავივი - თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.

უახლოეს რეისებზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნესკლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი. 

უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, თელ-ავივის აეროპორტში მოქალაქეები ყველა გზით ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდული ფრენების ფონზე, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადაწყვიტა, რომ სტანდარტი ტარიფები გაეოთხმაგებინა და ბილეთების ფასები გაეზარდა. მხოლოდ ერთი გზის საფასური 2000 ლარზე მეტი ღირს მაშინ, როდესაც ბილეთის ღირებულება 550 ლარს არასდროს აღემატებოდა.