14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

10.10.23 10:06
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ასიმ ასლანოვი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - წერია უწყების განცხადებაში. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. სკოლის მოსწავლის მკვლელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ პოულობს. იძებნება 28 წლის კაცი, ვინც 14 წლის გოგოზე კახეთში ჯერ იძალადა და შემდეგ იარაღით მოკლა.