განზრახ მკვლელობას არ ვაღიარებ, მეგონა ჭრილობას მივაყენებდი - 14 წლის “ცოლის” მკვლელობაში ბრალდებული
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა, 27 წლის ალიმ ასლანოვმა დუმილი სასმართლოში დაარღვია.
დაკავებული ამტკიცებს, რომ “ცოლი” განზრახ არ მოუკლავს. მეტიც, სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებული კაცი ირწმუნება, რომ მკვლელობის იარაღი პნევმატური ეგონა და აითაჯის შეშინებას ცდილობდა:
განზრახ მკვლელობას არ ვაღიარებ. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გაიქეცი.
იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან, რომ მოვკალი.
მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო"- თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.
საქმის მასალების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
პროკურატრის ინფრმაციით, 14 წლის გოგონამ მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.