სპეცოპერაცია ქუთაისში -„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

16.06.21 10:58
სპეცოპერაცია ქუთაისში -„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავა. 

გომელაურის უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის, ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.