რატომ არ უშვებენ სახელმწიფო აუდიტს საქართველოს რკინიგზაში - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

16.06.21 15:43
რატომ არ უშვებენ სახელმწიფო აუდიტს საქართველოს რკინიგზაში - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტორის სკანდალურ განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, საქართველოს რკინიგზაში სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კომპანიასთან დაკავშირებით სახელმწიფო რესურსის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს. 

ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს რაც შეეხება კორუფციას, არამიზნობრივ ხარჯვას და გაფლანგვას ჩვენი სახელმწიფო რესურსების. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ როგორც ჩანს, მართლაც ბევრი რამე არის დასამალი და ამიტომ არ უშვებენ აუდიტის სამსახურს. ეს არის საგანგაშო ნიშანი იმის, რომ როგორც ჩანს, რაღაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება, რომ სახელმწიფო აუდიტმაც კი, რომელიც ხშირად კეთილგანწყობილია მსგავსი შემოწმებების განხორციელებისას, ვერ შეძლოს, რომ მიჩქმალოს, ან დამალოს, - ამბობს სამადაშვილი.

საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტის არ შეშვების ფაქტს ,,ენმ"-ს წევრი, რომან გოცირიძე, იმ გარემოებით ხსნის, რომ კომპანია ივანიშვილთან დაახლოებული პირებითა და მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. 

რკინიგზა მთლიანად დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებსაც მართავს ივანიშვილი და მართავენ ხელისუფლების ჩინოვნიკები. ამიტომ დიდი ამოსახსნელი არ არის ეს ამოცანა, თუ რა ხდება რკინიგზაში და როგორ მოხდა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის  დიდი აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია, ეს არის რკინიგზა და როგორ მოახდინა მისი დეგრადაცია, არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ტვირთების გადაზიდვის მხრივაც, თითქმის ორჯერ არის შემცირებული მისი მუშაობა. მაჩანჩალად იქცა ერთ დროს წარმატებული დიდი ბიზნესი, - ამბობს რომან გოცირიძე.

პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინება მხოლოდ შემთხვევების 25%-ში  ხდება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით სრული განუკითხაობაა. 

პრაქტიკულად, ხდება სრული იგნორირება იმ დარღვევების, რომელსაც ადგენს სახელმწიფო აუდიტის სასმახური და ეს არის ყოველი ფეხის ნაბიჯზე. პლიუს, არის ასევე, სრულად იგნორირებული სახელწმიფო აუდიტის რეკომენდაციები, მხოლოდ 25 % ში არის შემთხვევების გათვალისიწინებული სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციები. სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის სრული იგნორირება და აბუჩად აგდება სახელმწიფო სტრუქტურების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ. ეს მიუითითებს იმაზე, რომ არის სრული განუკითხაობა სახელმწიფოში თანხების ხარჯვებთან დაკავშირებით, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესამოწმებლად არ უშვებს. საქართველოს რკინიგზის მსგავსად იქცევა  სახელმწიფო ელექტროსისტემაც. ესენია ის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზარალზე გადიან და სწორედ მათთან დაკავშირებით არსებობს ყველაზე მეტი შეკითხვები.