ეს პარტიული საკითხი არ არის - ელენე ხოშტარია გახელაძეებს სოლიდარობას უცხადებს

16.06.21 17:39
ეს პარტიული საკითხი არ არის - ელენე ხოშტარია გახელაძეებს სოლიდარობას უცხადებს

დროას" ლიდერი აპირებს, გახელაძეების ოჯახს გვერდში დაუდგეს და ცხინვალის ციხეში უკანო პატიმრობაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის გასათავისუფლებლად მოწყობილ აქციებში მონაწილეობა მიიღოს. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა შანსი, ზაზა გახელაძე ციხიდან გამოეხსნა, თუმცა, მან ეს ვერ შეძლო.

ეს ოჯახი ელოდება კონკრეტულ ქმედებას ხელისუფლებისგან, არა ერთი ეპიზოდი ვნახეთ,  რომ იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე დაკავებულები რუსები და იყო მათი გადაცვლის შანსი, თუმცა, ეს არ გამოიყენეს. იყო საერთაშორისო ბერკეტები, ოღონდ ამ თემაზე უნდა ილაპარაკო და იმუშავო. თუ გაჩუმდები, არავინ შენს ნაცვლად არ გააკეთებს.  ჩვენ გვერდში ვიქნებით ამ პროტესტში და ეს მგონი,  პარტიული საკითხიც არ არის.  ყველა მოქალაქე, ვისაც აწუხებს ეს საკითხი, უნდა დაუდგეს ოჯახს გვერდში - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ზაზა გახელაძე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში თითქმის ერთი წელია, რაც იმყოფება. მისი ოჯახი ხელისუფლებას ერთ კვირიან ვადას აძლევს, რომ აღნიშნული პრობლემა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებს.