დეკანოზი მამალაძის საქმე სტრასბურგში - ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მღვდლის დაკავება კანონიერად მოხდა

17.06.21 11:15
დეკანოზი მამალაძის საქმე სტრასბურგში - ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მღვდლის დაკავება კანონიერად მოხდა

ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი განხილვაში მიიღო - მსჯავრდებულის ინტერესებს ადვოკატი დავით ჯანდიერი იცავს. 

როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, საჩივარში ყველა ის დარღვევაა აღწერილი, რომელიც მამალაძის დაკავებისა და სასამართლო პროცესებზე დააფიქსირეს. 

ჯანდიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მღვდლის დაკავება კანონიერად მოხდა და მტკიცებულები საკმარისი იყო: 

პირველი ეს არის რამდენად სათანადოდ იქნა მტკიცებულებები ადმინისტრირებული და მოპოვებული და რამდენად ჰქონდა დაცვის მხარეს შესაძლებლობა ედავა ამ მტკიცებულებებზე. შემდეგი საკითხი უკავშირდება, რამდენად გამართლებული იყო სასამართლო სხდომების დახურულ რეჟიმში განხილვა ისე, რომ საზოგადოება არ იყო განხილული ამ განხილვების დროს. მესამეა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას"- აცხადებს ჯანდიერი. 

ადვოკატი დაკავებულ სასულიერო პირს გლდანის ციხეში 12:00 საათზე შეხვდება. 

მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ დეკანოზი "საპატრიარქოს მსხვერპლია". მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია თავად დაკავებული მღვდელი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, რომ დაკავბული მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენა ბრალი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.