დაცვა ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდა - გამაოგნებელი ამბავი ბათუმიდან

17.06.21 11:49
დაცვა  ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდა - გამაოგნებელი ამბავი ბათუმიდან

უმძიმესი ვითარება ბათუმის ღამის თავშესაფარში - "ტვ პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან გამაოგნებელ ინფორმაციას გვაწვდის. 

როგორც ირკვევა, თავშესაფარში ადგილი აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას​. სოციალურ სახლში ბენეფიციარები ერთმანეთს გუშინაც დაუპირისპირდნენ. 

ამის შესახებ იცის თავშესაფრის ადმინისტრაციამაც, თუმცა ხელმძღვანელი პირები პასუხისმგებლობას ირიდებენ. 

თავშესაფრით მოსარგებლე გოგონამ "ტვ პირველს" უთხრა, რომ ობიექტის დაცვა  მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა და ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა: 

ერთმანეთს  დანებით დასდევენ. შევსწრებივარ, რომ დაცვას ბენეფიციარისთვის დაურტყამს. იყო შემთხვევა, როცა მე და დაცვის თანამშრომელს უთანხმოება გვქონდა, გამომაგდო ქუჩაში და შემდეგ იმ მიზნით შემიშვა, რომ ვიქნებოდი მისი საყვარელი. დაცვის თანამშრომელი ღამის გათევის სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობას მთავაზობდა. ამის შესახებ ადმინისტრაცია საქმის კურსში იყო"- აცხადებს თავშესაფრის ბინადარი. 

ბათუმის ღამის თავშესაფრის დირექტორი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "ბენეფიციარებთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება". 

აღნიშნული გოგონა, თითქმის ყოველდღიურად აჟღერებს ასეთ ბრალდებებს. მე მას არაერთხელ შევთავაზე, რომ თუ ნამდვილად ადგილი ჰქონდა მსგავს ფაქტს, მიმართოს პოლიციას. ბენეფიციარების დიდ ნაწილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ისინი პერიოდულად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაგვყავს. მოკლევადიანი მკურნალობის შემდეგ ისევ გვიბრუნდებიან"- აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

დაწესებულების დირექტორი აღიარებს რომ შენობაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი პანდემიამ შეაფერხა. 

ირკვევა, რომ სამსართულიან შენობას, რომელიც 40 ბენეფიციარს ემსახურება, მხოლოდ ერთი დამლაგებელი ჰყავს და მისი ხელფასი სულ რაღაც 280 ლარია.