ჩვენი პრეტენზიები სტრასბურგის სასამართლოსთვის დაუსაბუთებელი არ აღმოჩნდა - ადვოკატი მამალაძის საქმეზე

17.06.21 13:32
ჩვენი პრეტენზიები სტრასბურგის სასამართლოსთვის დაუსაბუთებელი არ აღმოჩნდა - ადვოკატი  მამალაძის საქმეზე

როდის დაიწყებს ციანიდის სკანდალური საქმის განხილვას ევროსასამართლო, კონკრეტული თარიღი უცნობია. ამ წუთებში მსჯავრდებულ დეკანოზს საკანში ადვოკატი ხვდება. უფლებადამცველი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საჩივარში ყველა ის დარღვევაა აღწერილი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს და სასამართლო პროცესებზე დააფიქსირეს.

ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ამტკიცოს, რომ მღვდლის დაკავება კანონიერად მოხდა, მტკიცებულები საკმარისი იყო და ის ციხეში ვინმეს დაკვეთით არ გაუშვიათ.    

ადვოკატის ინფორმაციით,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მამალაძის საქმის მიღება მიუთითებს იმაზე, რომ კითხვები, რაც უფლებადამცველებმა დოკუმენტში მიუთითეს, სტრასბურგისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

კომუნიკაცია დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა საჩივარმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პრეტენზიები ევროპული სასამართლოსთვის დაუსაბუთებელი არ აღმოჩნდა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ პირველად უკვე შეთავაზებული იქნება მორიგების შესაძლებლობა მხარეებს შორის, და თუ ეს მორიგება არ შედგება, დაიწყება სადავო პროცედურა,- აცხადებს დავით ჯანდიერი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში, დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, რომ დაკავბული მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტი,ს შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენა ბრალი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.