ხმაური აჭარის ეკონომიკის სამინისტროში - მინისტრისა და მიწების მფლობელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17.06.21 14:18
ხმაური აჭარის ეკონომიკის სამინისტროში - მინისტრისა და  მიწების მფლობელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა  აჭარის ეკონომიკის მინისტრისა და აუქციონზე გამოტანილი ბობოყვათის მიწების მფლობელებს შორის. ერთსაათიანი მოლაპარაკება ხმაურის ფონზე მომდინარეობდა.  აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აცხადებს, რომ ვინაიდან რეესტრმა მიწები არ დააკანონა, ესე იგი კანონით დადგენილი დოკუმენტაცია საკუთრების შესახებ არ არსებობს და მას კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, საკითხში ჩაერიოს.

რაც შეეხება ქობულეთში მცხოვრებლებს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ, ასევე ეკონომიკის მინისტრს სთხოვენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მათ საკითხს შეისწავლის და სამართლებრივი დავის საშუალებას მისცემს მათ.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აუქციონი არ შეჩერდება. ბობოყვათის მიწების მფლობელები კი აცხადებენ, რომ არ დათმობენ მამაპაპისეულ მიწებს, რადგან მათ მიწების საკუთრების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ, ასევე არ აპირებენ ინვესტორის შეშვებას ტერიტორიაზე.