თუ პოლიცია ხეობაში დარჩა, ბარიკადების აღება არაფერს ნიშნავს - მაკა სულაძე

17.06.21 15:13
თუ პოლიცია ხეობაში დარჩა, ბარიკადების აღება არაფერს ნიშნავს - მაკა სულაძე

რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში რკინის ჯებირების აღებას ხელისუფლების მიერ მიცემული პირობის მხოლოდ ერთი ნაწილის შესრულებად აღიქვამენ.

ნამოხვანჰესის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, მაკა სულაძე, მოუწოდებს მთავრობას, გაიყვანოს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალები და სამართალდამცველთა მხოლოდ ის რაოდენობა დატოვოს, რაც თურქული კომპანია ,,ენკა"-ს კონტროლისთვისაა საჭირო.

 

ეს არის პირობის ერთი ნაწილი, იმედია, ხელისუფლება კარგად აფასებს, რა მნიშვნელობა აქვს დიალოგს ხალხთან. ეს იქნება ამ დიალოგის ნაწილი. უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხსა და ხელისუფლებას შორის არ უნდა ჩადგან ასეთი ბარიკადები, არც პირდაპირი, არც გადატანითი მნიშვნელობით. ხელისუფლება ხალხთან ყოველთვის უნდა იყოს გულწრფელი და სამართლიანი. 

თუ პოლიცია ხეობაში დარჩა, ამ ბარიკადების აღება არაფერს არ ნიშნავს. ჩვენი გადაადგილების უფლება მაინც იქნება შეზღუდული. ამიტომ ხელისუფლებამ პირობა ბოლომდე უნდა შეასრულოს. უნდა დარჩეს პოლიციის ის რაოდენობა, რაც კომპანიის საკონტროლოდ არის აუცილებელი - აცხადებს მაკა სულაძე.

პოლიციამ დღეს სოფელ გუმათში არსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო.