ლევან თევზაძე ნეპოტიზმის ბრალდების მიუხედავად მოსამართლეობის კანდიდატად მაინც შეირჩა

17.06.21 16:37
 ლევან თევზაძე ნეპოტიზმის ბრალდების მიუხედავად  მოსამართლეობის კანდიდატად მაინც შეირჩა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატად ლევან თევზაძე შეარჩია, რომელიც  ამჟამად სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას, ცოლის ძმაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, აცხადებს, რომ   მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა და ნეპოტიზმი ამ პროცესში ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა.

მართალია, ირაკლი შენგელია არ მონაწილეობდა შერჩევის პროცესში, მაგრამ მისი ახლობლები და ნათესავები იყვნენ საბჭოში. მათ შორის არის ზაზა ხარებავა, რომელმაც თქვა, რომ შენგელიასთან ნათელ-მირონი აკავშირებს და თამარ ღვამიჩავა, რომელიც შენგელიას ნათესავია. ეს ადამიანები საბჭოს წევრები შენგელიას დახმარებით გახდნენ. კლანურ მოდელზე და მმართველობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ყველა ეს ადამიანი არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვადასხვა გზებით და როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნასა თუ წარდგენასთან დაკავშირებით, მიიღება ამ ფორმით”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ ნათელ-მირონობა დადასტურებულიც რომ იყოს, აცილებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის.

ნაზი ჯანეზაშვილი არაერთხელ გვიმხელია იმაში, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს და მოსაზრებებს აფიქსირებდა. ამ შემთხვევაშიც შეკითხვა, რომელიც იყო დასმული თევზაძესთან დაკავშირებით, ამოწურული და პასუხგაცემულია იმით, რომ ირაკლი შენგელია სრულიად ჩამოშორდა შერჩევის პროცედურას. ზაზა ხარებავას რაც შეეხება, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით, ნათელმირონობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აცილებულ იქნას ადამიანი - თქვა გვრიტიშვილმა.

ლევან თევზაძე უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატად 2019 წელსაც შეირჩა, მაგრამ მაშინ მან ნეპოტიზმთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო საკუთარი კანდიდატურა მაშინ მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია, რომელიც მოგვიანებით  პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.