,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს " - არასამთავრობო სექტორი

17.06.21 16:57
,,იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელ ნაბიჯებს " - არასამთავრობო სექტორი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს, რა დროსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეირჩა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" უარყოფითად აფასებს.

 TI-ის ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევის პროცესი სასამართლო სისტემაში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების  პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი,[3] რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა. 

დღესდღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდ არსებული ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების  პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს. 

ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით,  კიდევ უფრო ზიანდება  ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.[4] 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში  მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.

ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმირების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები.- ნათქვამია ,,გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეწყვიტოს სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება და პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს, დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა.

მოვუწოდებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

შეწყვიტოს ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება;
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. თუკი ეს შეუძლებელი გახდა, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.- წერია განცხადებაში.
 

განცხადებას ხელს აწერენ:

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

,,ღია საზოგადოების ფონდი"

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"

,,უფლებები საქართველო"

,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC)

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"