საქართველო რუსეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - ქართულ ბაზარზე უკვე 3524 რუსული კომპანიაა

17.06.21 17:37
საქართველო რუსეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - ქართულ ბაზარზე უკვე 3524  რუსული კომპანიაა

იმ ფონზე, როდესაც საქართველო საერთაშორისო რადარებიდან ქრება, რუსების მიერ დაფუძნებული კომპანიები საქართველოში მდიდრდებიან. ამ დროისათვის ქვეყანაში 3524 რუსული კომპანიაა და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. თუ 2012 წელს ქართულ ბაზარზე 50 რუსული კომპანია იყო, ახლა ეს რიცხვი ასობითაა.  "აიფაქტმა" ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მოიპოვა.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი პრობლემას საქართველოს პრორუსულ მთავრობაში ხედავს. 

არ მგონია, რომ ფულის შემოსვლა კერძო სექტორში, თუნდაც რუსეთიდან, არ არის ისეთი პრობლემა, როგორც ფულის შემოსვლა მთავრობაში. მთავრობა რომ არის პრორუსული და ფაქტორბივად, რომ ფლობს ქართულ მთავრობას რუსეთი, აი, ეს არის პრობლემა. რუსეთი მტერია და ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო მთავრობა, რუსეთიც ყოველთვის ეცდება ჩვენი საწინააღმდეგო რაღაცეების კეთებას, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ექსპერტი ბესიკ დონაძე ყურადღებას ორ პრობლემაზე ამახვილებს. მისი თქმით, ერთის მხრივ, რუსული კომპანიები ფულს საქართველოს ბიუჯეტიდან იღებენ, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მონაწილეობენ, იმარჯვებენ, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ.

ორი პრობლემა გვაქვს: ის, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან აღებული ფული მიედინება რუსეთში, მეორე პრობლემა ის გვაქვს, რომ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ანუ ორჯერ მეტი გვიჯდება რუსული კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები.  სისტემა გამართეს, რომ ყველაფერი სისტემურად მიდის იქითკენ, რომ დამოკიდებული გახდე რუსეთზე, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

პრობლემა მხოლოდ რუსულ კომპანიებში არ არის. იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებლები ცხადჰყოფს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთზე თითქმის ყველა სექტორი ხდება დამოკიდებული, შესაბამისად, საფრთხე იმის, რომ რუსეთმა ეს ფაქტი შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, დიდია.