იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ფორტეპიანოზე მელოდია დავუკარი - ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან შეხვედრაზე

17.06.21 19:06
იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ფორტეპიანოზე მელოდია დავუკარი - ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან შეხვედრაზე

ზავი დადებულია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა მმართველმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა,  იაკობმა, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან საჩუქრით გაუშვა. წმინდა სინოდის წევრმა ომბუდსმენს ხატი აჩუქა. 

ეს არის წმინდა ნინოს ხატი. დიდი მადლობა ამ თანამშრომლობისთვის, აწი ღიაა ჩვენი კარი," - მიმართა მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას. 

სახალხო დამცველსა და პანსიონის ახალ მმართველს შორის შეხვედრა დღეს დილის 11:00 საათზე დაიწყო.

სახალხო დამცველმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი და შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.  

შეხვედრა მეუფე იაკობის სურვილით გაიმართა და მეც დავთანხმდი, მოგეხსენებათ, მეუფე იაკობი ხისტი განცხადებებით გამოირჩევა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, შესაბამისად, ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა. არ ველოდებოდი იმ დამოკიდებულებას და განწყობებს, რაც შეხვედრაზე იყო. 

ეს არ ყოფილა შეხვედრა რაიმეზე ნებართვის სათხოვნელად, საუბარი წარიმართა ბავშვების საჭიროებაზე, როგორ ვხედავთ მოვლენების განვითარებას. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სიტუაციის აღქმა იყო ადეკვატური. არ იყო პრობლემების უარყოფა - თქვა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ისეთი უშუალო ატმოსფერო ჩამოყალიბდა, რომ შეხვედრის დასასრულს მან პორტეპიანოზე გარკვეული მელოდიაც კი დაუკრა.

შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დამათვალიერებიდნა, მერე იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ფორტეპიანოზე გარკვეული მელოდია დავუკარი. ნამდვილად ადამიანური კომუნიკაცია იყო, ამაში ცუდი არაფერი არ არის. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრის მთავარი მიზანი მიღწეულია, სახალხო დამცველმა მიიღო ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის წინანადადება.

მეუფე იაკობმა გამოთქვა სურვილი, რომ პანსიონში ერთად შევსულიყავით, რაზეც დავთანხმდი. - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.