უპრეცენდენტო მასშტაბის თაღლითობა - ათასობით ევრო ემიგრანტებს ინტერნეტთაღლითებმა მოპარეს

22.06.21 17:11
უპრეცენდენტო მასშტაბის თაღლითობა - ათასობით ევრო ემიგრანტებს ინტერნეტთაღლითებმა მოპარეს

გაძარცვული ემიგრანტები და მითვისებული ათასობით ევრო - დანაშაულის კვალი ქუთაისამდე მიდის. საგანგებოდ შემუშავებული სქემით ფული ემიგრანტებს ინტერნეტთაღლითებმა მოჰპარეს. 

უცხო ქვეყანაში ოჯახების სარჩენად წასულ ემიგრანტებს ჯერ Facebook გვერდები გაუტეხეს, შემდეგ კი მათი სახელით მათივე მეგობრებს მოტყუებით თანხები ქუთაისელი ცეკვის მასწავლებლის სახელზე ჩაარიცხინეს. 

ფული მჭირდება, ძალიან გთხოვთ, არ მინდა ოჯახის წევრებს გავაგებინო და ჩემს ახლობლებს. იქნებ, გამიგზავნოთ თბილისში, საქართველოში, ფული და აი, ასეთი წერილები მიდიოდა. ჩემი სახელით იგზავნებოდა. 150 ევროები ჩვენ ასე ჰაერზე ხომ არ მოგვდის? ჩვენ ისეთ მძიმე სიტუაციაში გვიხდება მუშაობა, ჩვენთვის ძალიან ძნელია, - ამბობს „პირველებთან“ ერთ-ერთი ემიგრანტი.

თაღლითებმა ყველა ემიგრანტს თანხა გაგა კობერიძის სახელზე ჩაარიცხინეს. საქართველოს მოქალაქეთა რეესტრში ამ სახელით და გვარით მხოლოდ ერთი ადამიანი იძებნება. „პირველებმა" გაგა კობერიძეს ქუთაისში მიაგნეს.

თავად გაგა კობერიძე ამბობს, რომ ისიც თაღლითობის მსხვერპლია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში ქალბატონი გაიცნო, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ მის სახელზე თანხის გადარიცხვა სთხოვა. 

გავიცანით ასე მიწერ-მოწერით ერთმანეთი და ასე მთხოვა ასეთი რაღაცა, რომ თუ შეგიძლია, რომ  თანხა გადმოგიგზავნოო, აიო ეს თანხაო და შემდეგ აჭარაბეთზე კოდს მოგწერ და იქ რომ დამირიცხოვო. ნდობის ფაქტორი იყო, მეთქიქადამიანი მენდობა და რომ გადმომიგზავნა თანხა, ავდექი მერე მე და გადავუგზავნე ეს თანხა. ბოლოს მიპასუხა ასეთი მონაწერი, თან თვალის ჩაკვრის სმაილით, რომ „ხდება ხოლმე, ჩემო კარგო, დაიკიდე, შენ არაფერ შუაში ხარო“, - ამბობს გაგა კობერიძე.

მას შემდეგ, რაც გაგა კობერიძეს ემიგრანტების ნათესავები დაუკავშირდნენ, ის შსს-ში საკუთარი ფეხით მივიდა და ინფორმაცია მიაწოდა. საქმეზე გამომძიებლებმა მისი ბრალეულობა ვერ დაინახეს. 

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა გომელაურის უწყებამ ფაქტზე გამოძიება.