ლავრენტი ბერიას რეზიდენცია კოჯორში 2,5 მილიონ ლარად გაიყიდა

22.06.21 19:25
ლავრენტი ბერიას რეზიდენცია კოჯორში 2,5 მილიონ ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ პრივატიზაციის პროცესის მორიგი ეტაპი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც კოჯორში მდებარე ლავრენტი ბერიას ყოფილი რეზიდენცია 2,5 მილიონ ლარად გასხვისდა. იუწყება kommersant.ru.

ბერიას რეზიდენციის ახალი მფლობელია ს.ს. ,,იბეროტელი", რომელმაც 22 560 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ტერიტორია 2 მილიონ 504 ათას ლარად იყიდა.

,,იბეროტელი" ბიზნესმენ ზურაბ ციხისთავს ეკუთვნის. მისი თქმით, ამ ეტაპზე  კულტურის სამინისტროსთან ათანხმებს რეზიდენციის რესტავრაციის გეგმას, მომდევნო ნაბიჯი კი იქნება ტერიტორიაზე ელიტური სასტუმროს მშენებლობა.

ბერიას რეზიდენცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლავრენტი ბერიას რეზიდენცია თითქმის განადგურდა, მაგრამ შენობა კვლავ იმსახურებს ყურადღებას საოცარი ფერებისა და ქართული არქიტექტურისთვის არადამახასიათებელი სტრუქტურული წყობის გამო.

მე-20-ე საუკუნის 40-იან წლებში, როცა საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი იყო, ლავრენტი ბერია კოჯრის რეზიდენციას ხშირად სტუმრობდა. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში კი ის მოსკოვში გადავიდა და ზაფხულს აფხაზეთში, იმ აგარაკზე ატარებდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბერიას რეზიდენცია შსს-ს ბალანსზე ირიცხებოდა, 15 წლის წინ ის ფაქტიურად მთლიანად დაიწვა. ტურისტებმა შენობაში ცეცხლი დაანთეს. შენობას აღარ გააჩნია მინები, დეკორატიული იატაკი, სახურავიც ჩამონგრეულია. 

წინასწარი გათვლებით, ახალ მფლობელს შენობის ელიტურ სასტუმროდ გადაქცევა 4-5 მილიონი ლარი დაუჯდება.