საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას საწარმოს კუთვნილი 3 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს

23.06.21 10:20
საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას საწარმოს კუთვნილი 3 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ერთ-ერთი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატიურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა.

გამოძიება  მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.