გერმანიაში დასაქმების პროგრამა ჩავარდა - დაზარალებულები ჯანდაცვის სამინისტროს უჩივიან

23.06.21 17:23
გერმანიაში დასაქმების პროგრამა ჩავარდა - დაზარალებულები ჯანდაცვის სამინისტროს უჩივიან

პროექტი, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო ამაყობდა, ჩავარდა. გერმანიაში დასაქმების პროგრამამ არ გაამართლა. მოქალაქეების ნაწილი, რომელიც სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წავიდა, ისევ სამშობლოში ბრუნდება და სასამართლო დავებს ეკა ტიკარაძის უწყების წინააღმდეგ  იწყებს. გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი არასათანადო პირობები და მცირე ანაზღაურებაა. 

 საქართველოს მოქალაქეები ყურადღების მიქცევას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. მათ გერმანიაში საქართველოს საელჩოს  მიმართეს, თუმცა ამას მათს თხოვნაზე რეაგირება არ მოჰყოლია.

მოგვადგა ძალიან დიდი ზარალი. მე პირადად საქართველოდან დიდი ვალით წამოვედი და აქედანაც ვალის აღება მიწევს, რომ ისევ იქით წავიდე. ვალი ვალს დაემატა და პრობლემა პრობლემას. აუცილებლად შევა ერთობლივი ძალებით, ერთიანი სია, ჯერ ათი დღის შემდეგ გავივლით იურისტებთან ზუსტ კონსულტაციებს და ოცდაოთხივეს სახელით შევა სასამართლოში სარჩელი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ, რომ აგვინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზარალი, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი უფლებების დარღვევებზე საუბრობს საქართველოს პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელიც. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ მისთვის  მაისის თვიდან არის ცნობილი და 24 ქართველთან ერთად სამართლებრივ ბრძოლაში ისიც ჩაერთო. პეტრიაშვილმა გერმანიაში ადგილობრივ საელჩოს მიმართა, ჩააყენა საქმის კურსში, ასევე, კონსულტაციები ჰქონდა გერმანელ კოლეგებთანაც, რის შემეგაც გერმანულმა პროფკავშირმა მოკვლევა დაიწყო. გერმანულმა პროფკავშირმა საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით 6 ხარვეზი აღმოაჩინა, რომელიც გერმანულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.