გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შპიგელი იტყობინება, რომ გერმანია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერია.
წლიდან წლამდე საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ადაამიანი მიდიოდა, თუმცა დიდი ალბათობით თავშესაფრების მიღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ახლა გაუჭირდებათ, რადგან ოფიციალურმა ბერლინმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს შეიყვანა.
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9,399-მა ადამიანმა მოითხოვა, მათგან 8,414-მა განცხადება პირველად შეავსო.
თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან: რუსეთის ფედერაცია, სომალი და ერიტრეა. სიაში კი ლიდერობენ: სირია, თურქეთი, ავღანეთი, ერაყი და ირანი.
საერთო ჯამში, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც 51,1%-ით უფრო მეტია ვიდრე 2022 წლის მონაცემები. სტატისტიკის მიხედვით, 329,120 აპლიკანტმა განცხადება პირველად შეავსო, ხოლო 22,794-მა ადამიანმა ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება ითხოვა.