"უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტერიუმები ბუნდოვანია“ - თეონა ჭალიძე
თეონა ჭალიძე ირაკლი ღარიბიშავილის დაანონსებულ სოციალურ პროგრამას ეხმიანება რომელიც 1000 მრავალშვილიანი ოჯახისთვის ორი წლის განმავლობაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს და ამისთვის 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უსახლკაროთა ერთიანი ბაზა და შესაბამისად ნებისმიერი პროექტი, რაც ამ მიმართულებით განხორციელდება იქნება ფრაგმენტული და არა სისტემური, რაც მის ეფექტიანობაზე აისახება.
მხოლოდ მრავალშვილიანებზე აქცენტი არ არის სწორი, რადგან შესაძლოა ორი შვილი მარტოხელა დედა უფრო მძიმე მდგომარეობაში იყოს ვიდრე მრავალშვილიანი რომელიმე სხვა ოჯახი. შესაბამისად უსამართლო იქნება ის, რომ ვისაც უფრო მეტად სჭირდება ის შეიძლება დარჩეს ამ სიის მიღმა.
თუ ვის შეეხება პროგრამა კრიტერიუმები ბუნდოვანია, რადგან თუ ისინი ხელმძღვანელობენ სოციალური მომსახურების ბაზით, სოციალურად დაუცველის სტატუსით და შესაბამისი ქულებით ეს არაა საკმარისი, რადგან ამ პროგრამის მიღმა დარჩენილია ბევრი ძალიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ ერთი კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია და მისი შეფასება ვერ ხდება.
ამის გამო ყველანაირი დახმარების სერვისის გარეშეა დარჩენილი. ობიექტურად არის რისკები, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ხომარ იქნება გამოყენებული, კრიტერიუმების ბუნდოვანების გამო შესაძლოა ნეპოტიზმით იქნეს შერჩეული ოჯახები ან პარტიული ნიშნით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა და ბიუჯეტიდან როცა იხარჯება თანხა რა თქმა უნდა მეტი გამჭვირვალობა და სიცხადეა საჭირო” - თეონა ჭალიძე