სტალინის გამოსახულებიანი ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია

11.01.24 16:54
სტალინის გამოსახულებიანი ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია

იოსებ სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია -   როდის წაიღებენ ხატმწერთან და  როდის მოხდება შეცდომის გამოსწორება,  უცნობია. 

დღეს რადიკალური მოძრაობის ლიდერები თავს გამარჯვებულად გრძნობენ. ამბობენ, რომ თუ ოცნების დაანონსებული კანონ პროექტი კანონად იქცევა, ეს პირადად მათი დამსახურება იქნება.  

სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს,  ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს. 

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

 გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.