სტალინის გამოსახვა დარღვევა არ არის, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო - ირმა ინაშვილი

11.01.24 18:12
სტალინის გამოსახვა დარღვევა არ არის, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო - ირმა ინაშვილი

სტალინის გამოსახვა დარღვევა არ არის, ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო - ამის შესახებ ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ინაშვილის თქმით, საპატრიარქომ სიმშვიდე დაიცვა და ამიტომ მოითხოვა სტალინის ეპიზოდის შეცვლა.

ინაშვილი ფიქრობს, რომ ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩენენ.

საპატრიარქომ დაადასტურა, რომ ხატზე შეიძლება გამოსახული იყოს ნებისმიერი ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი, ნებისმიერი მწვალებელი ან ურწმუნო, გამომდინარე კონტექსტიდან! და ეს შეცდომა არ არის. ცხადია, არც სტალინის გამოსახვაა დარღვევა. მეორეს მხრივ, ნათელია, რომ საპატრიარქომ დაიცვა სიმშვიდე და ამიტომ გვეუბნება, რომ სტალინის ეპიზოდი უნდა შეიცვალოს. ვიმეორებ: ჩვენ, როგორც მრევლი, ვემორჩილებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ... ჯერ ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო და მეორე-ამიერიდან კოლექტიური ფერაძეები უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ".- წერს ინაშვილი. 

სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს,  ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს. 

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

 გუშინ, კი ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.