ამცირებენ, აშიშვლებენ და ჩხრეკენ - საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული სუმბაევის ადვოკატი

24.06.21 11:28
ამცირებენ, აშიშვლებენ და ჩხრეკენ - საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული სუმბაევის ადვოკატი

რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი, რომელიც საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, თეა წულუკიანმა რუსეთს მაინც გადასცა, მოსკოვში წამების მსხვერპლი გახდა. საქართველოში მისი რუსი ადვოკატი, ვალერი შუხარდინი, კონკრეტული გზავნილებით ჩამოვიდა. უფლებადაცველი 30 გვერდიან დოკუმენტს, რომელშიც სუმბაევის მიმართ წამების ფაქტებია აღწერილი, იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას გადასცემს.

შუხარდინის მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრას რუსეთის ფედერაციას ბრალის დამძიმების თაობაზე სუმბაევისთვის, რომელსაც ბრალს გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობაში სდებენ.

მე მასთან მაქვს რეგულური კომუნიკაცია და ეს პირობები არ შეესაბამება იმ ნორმებს, რომელიც უნდა იყოს. კამერაში ძალიან ნათელი განათებაა, იმდენად ძლიერი, რომ თავის ტკივილს იწვევს. სამედიცინო პერსონალი არ აქცევს ყურადღებას იმიტომ, რომ ცოტა სამედიცინო პერსონალი იმყოფება ციხეში. მთელი დღის განმავლობაში მარტო ერთი საათით უშვებენ გარეთ.  მე მივმართე იუსტიციის სამინისტროს, დოკუმენტიც მოვამზადე ექსტარდირების, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. რუსეთის სახელმწიფო ექსტრადირებაზე უარს ამბობს, - ამბობს შუხარდინი.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სუმბაევს რუსეთის ციხეში ხშირად ამცირებენ, აშიშვლებენ და ჩხრეკენ. ადვოკატის ვიზიტები პატიმართან პრივატული არ არის და მას ასევე, ოჯახის წევრებთან შეხვედრაც ეკრძალება. 

იაროსლავ სუმბაევის ქართველი ადვოკატი, ივანე ნორიკაძე, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სუმბაევისთვის ბრალის დამძიმებაზე უარს ეტყვის. მისი თქმით, ბრალის დამძიმების შემთხვევაში ჰაკერს სიკვდილით დასჯა ემუქრება. 

პოზიტიურად ვაფასებთ, რომ დღემდე რუსთის ფედერაციას საქართველოს მხრიდან არ მიეცა თანხმობა სუმბაევისთის დამატებითი ბრალის წარდგენაზე შიშკინას მკვლელობაში, რაც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას რუსეთის კანონმდებლობით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც დარჩება, ვინაიდან კარგად არის დასაბუთებული სუმბაევის რუსი ადვოკატის მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და იუსტიციის მინისტრისთის გაგზავნილ წერილში, რომ როგორ ირღვევა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მიცემული გარანტია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში მისი ექსტრადირების შემდეგ დაცული იქნებოდა მისი ფუნდამენტური უფლებები, - ამბობს ნორიკაძე.

რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი, რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა, თუმცა მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მისი რუსეთში ექსტრადირება მაინც მოახდინა.